Friday, June 12, 2015

ხერთვისის ციხე




მემატიანე ლეონტი მროველის ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული მეცნიერება არ იზიარებს). ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი. სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578არფაქსად იოთამის ძემ ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო. XVIII საუკუნის 70-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აიღო. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს, 1828 რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს.

ვანის-ქვაბები



დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, თარიღდება არაუგვიანეს VIII საუკუნისა. IX-XI სს. ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს. 1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნის მანძილზე, 1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია. 1191-1204 წლებში ვანის ქვაბები მეფის ხელშია. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია.1186-1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების 1204-1283წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი "ვაჰანის ქვაბთა განგება"1265-1283 წლებს შორის ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა.
XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები. ოვალური კლდის უბეში ტერასულად განლაგებული ქვითკირის ზღუდით გამაგრებული სენაკები მონასტრის წინ ჩაკეტილ შიგა ეზოს ქმნის. კომპლექსის ცენტრია წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვე აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. კარიბჭესტან ჩრდილოეთით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე, 3 სართულად განლაგებულია ქვაბსამარხი და ქვის სახლები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვა. ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე გამოვლინდა ოვალური კოშკი, რომელიც რთული თავდაცვითი ნაგებობის ნაწილს შეადგენდა და ზღუდის მისადგომებს იცავდა.

მეფე გიორგი III დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა „აქ ვარ ძია!“, და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს „ვარძია“.
“მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყვეს და დაღლილები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი ადგილზე აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა. საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს. მესამე დილით იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან გადატანილი აღმოჩნდა. ახლა კი მიუხვდნენ განგებას. ამიტომ ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს, ხოლო ძველ მიტოვებულ ადგილს ამ ხნიდან ნავარძიევი ეწოდება.”
“მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.”
ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.